среда, 11 марта 2009 г.
მე ვარ შალვა ბეგლარაშვილი. დავიბადე 1996 წლის 2 იანვარს. ვსწავლობ გორის #11 საჯარო სკოლის VII კლასში. ამ სახელს ჩვენს ოჯახში ატარებდა ჩემი ბაბუა. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო. უფროსები მეუბნებიან, რომ მე მას ძალიან ვგავარ და მეც ვცდილობ მისი სახელი არ შევარცხვინო და ისეთივე თბილი და კეთილშობილი ვიყო.
სახელი შალვას (ქართლი) ეტიმოლოგია დაუდგენელია. როგორც ალექსი ჭინჭარაულმა აღნიშნა, შესაძლებელია შავლეგის ვარიანტს წარმოადგენდეს.
წმინდა მოწამე შალვა ახალციხელი (XIIს.)
ხსენება 17 (30) ივნისი
შალვა ახალციხელი მეთორმეტე საუკუნეში ცხოვრობდა. იგი თამარ მეფის მხედრობაში გამორჩეული რაინდი იყო. სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის დიდმა თამარმა მას ახალციხის მთავრობა უბოძა. შამქორში გამარჯვების შემდეგ შალვამ ხალიფას დროშა წამოიღო ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა და ხახულის ღვთისმშობლის ხატს შესწირა სხვა უმარავ ნადავლთან ერთად.
უანგარო მსახურებისათვის თამარმა ერთგულ ქვეშევდრომს მანდატურთუხუცესობა უბოძა. სწორედ მანდატურთუხუცესი შალვა ხელმძღვანელობდა ქართველთა ლაშქარს ბასიანის ბრძოლაში თავის ძმასთან - ივანე ახალციხელთან ერთად.
თამარისა და მისი ვაჟის - ლაშა-გიორგის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანას რუსუდანი განაგებდა. ამ დროს საქართველოში მონღოლთა უზარმაზარი ურდო შემოიჭრა ჯალალ-ედ-დინის მეთაურობით. რუსუდანმა ქუდზე კაცი იხმო და საომრად შეკრებილ ქართველებს მეთაურად მოხუცებული ივანე ათაბაგი დაუდგინა.
სოფელ გარნისთან ექვსი ათასი ქართველი დადგა ორასი ათასი მუსლიმანის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოწინავე ლაშქრის მეთაურობა სიმამაცითა და სიმხნევით გამორჩეულ ძმებს - შალვა და ივანე ახალციხელებს დაევალათ. ივანე ათაბაგი კი ძირითად ჯართან დარჩა გადამწყვეტი იერიშის მისატანად.
უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი ლაშქარი მტერს, თავგანწირულად იბრძოდნენ ძმები, მაგრამ მტრის სიმრავლე სძლევდა ქართველებს. ამაოდ უხმობდნენ ივანე ათაბაგს, ამაოდ ელოდნენ, რომ იგი მთავარ ჯარს მიაშველებდა. ივანე ათაბაგმა მიშველება არ ისურვა. როგორც მემატიანე წერს, ეს შიშის გამო კი არ ჩაიდინა, არამედ შურისა, რომელიც არის დასაბამი ყოველი ბოროტებისა.
დამარცხდნენ ქართველები, ამ უთანასწორო ბრძოლაში 4000 ქართველი დაიღუპა, მათ შორის ივანე ახალციხელიც, ხოლო შალვა ტყვედ ჩავარდა. იგი ჯალალ-ედ-დინს მიჰგვარეს.
გაიხარა მტარვალმა სახელგანთქმული მეომრის ნახვით, პატივით მიიღო ქართველი მანდატურთუხუცესი, ქალაქიც კი უბოძა სამმართველოდ და მეტ პატივსაც დაჰპირდა, თუ რჯულს გამოიცვლიდა. მაგრამ შალვა ახალციხელმა ქრისტიანობის უარყოფაზე მტკიცე უარი განაცხადა: ჭეშმარიტ ღმერთს მე ვერ უარვყოფ. არ მჭირდება შენი დროებითი სიმდიდრე. მე ქრისტეს მხედარი ვარ.
დიდხანს ცდილობდა ჯალალ-ედ-დინი უსჯულოებისაკენ მიედრიკა მხნე რაინდი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ ბრძანა, წამებით მოეკლათ. შალვა ნაწილ-ნაწილ აკუწეს, შემდეგ ასე დაჩეხილი საპყრობილეში ჩააგდეს. სანამ გონს იყო, მოწამე გამუდმებით ლოცულობდა, შემდეგ კი გონება დაკარგა. იგი საპყრობილეში გარდაიცვალა.
შალვა ნუცუბიძე
ფილოსოფოსი და კულტურის მრავალი დარგის მკვლევარი შალვა ნუცუბიძე დაიბადა 1888 წლის 14 დეკემბერს ფარცხანაყანევში. დაწყებითი განათლება მიიღო ხონში. აქ ნახა მან აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა-ფშაველა. 1897 წლიდან სწავლა განაგრძო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც საერთო განათლების და უცხო ენების კარგ ცოდნას იძლეოდა. შალვა ნუცუბიძე ფლობდა ძველ ბერძნულს, ლათინურს, გერმანულს, ინგლისურსა და ფრანგულს.
შალვა ნუცუბიძეს ხშირად უთქვამს, სიკვდილს რუსთაველმა გადამარჩინაო. დაპატიმრების ჟამს „ვეფხისტყაოსანს“ თარგმნიდა. ციხეში ნება მისცეს, ემუშავა თარგმანზე. ნუცუბიძისა და სტალინის ინტერესი რუსთაველისადმი დაემთხვა ერთმანეთს, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა მეცნიერის მომავალ ბედზე. ყოველ შაბათს პოემის ნათარგმნი ნაწილი საპატიმროდან ქრებოდა, როგორც შემდეგ გაირკვა, კითხულობდა სტალინი. სტალინისვე განკარგულებით, შალვა ნუცუბიძე გაათავისუფლეს ციხიდან მოსკოვიდან გასვლის უფლების გარეშე, ხოლო 1940 წლის 20 ოქტომბერს სტალინთან წაიყვანეს კრემლში, რათა პირდად გასაუბრებოდა თარგმანის შესახებ. როგორც აღმოჩნდა, სტალინს ძლიერ მოსწონებია თარგმანი, რომელიც თავიდან ბოლომდე წაუკითხავს.
1953 წელს, სრულიად მოულოდნელად, კომუნისტური ხელისუფლება კიდევ ერთხელ დაესხა თავს მეცნიერს, ამჯერად იგი ბერიას აგენტად გამოაცხადეს. ხელისუფლების მითითებით, მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებამ შალვა ნუცუბიძეს ჩამოართვა აკადემიის ნამდვილი წევრის წოდება, ასევე გაათავისუფლეს თბილისის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობიდან.
ამის შემდეგაც ყველანაირად ავიწროვებდნენ, ცდილობდნენ, არ შეეშვათ ფართო აუდიტორიებში, არ მიაღებინეს მონაწილეობა რუსთაველის იუბილეზე, არ შეახვედრეს სტუმრებს, 1968 წელს გამართულ თბილისის უნივერსიტეტის 50 წლის იუბილეზე უფლება არ მისცეს, წარმოეთქვა სიტყვა. მიუხედავად ამისა, შალვა ნუცუბიძე არასოდეს კარგავდა თავის ღირსებას. იყო მუდამ შემართული და ქედუხრელი ყველაზე მძიმე წუთებშიც კი. იგი ძლიერ განიცდიდა ყოველივეს, რაც საქართველოს უკავშირდებოდა.
შალვა ნუცუბიძე გარდაიცვალა 1969 წლის 6 იანვარს. დაკრძალულია უნივერსიტეტის ბაღში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)